საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი კავკასიის ფრანგულ სკოლას საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, ბატონ დიეგო კოლასთან და მრჩეველთან თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, ბატონ პიერ კლუესთან ერთად ესტუმრა. მინისტრმა მოსწავლეებს დაწესებულების ხელახლა გახსნა მიულოცა და მათ კარგი სასწავლო წელი უსურვა. სტუმრებს კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორმა, ბატონმა კამელ იასილიმ უმასპინძლა.
კავკასიის ფრანგულ სკოლაში სტუმრობისას, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს ასევე მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ როლს მომავალი თაობების აღზრდაში.
კავკასიის ფრანგული სკოლა საქართველოში საფრანგეთის საელჩომ 2006 წელს დააარსა. ეს დაწესებულება, რომელიც ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას უზრუნველყოფს. 2020 წლიდან ის სრულად არის აღიარებული საფრანგეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ და ასევე გახდა სრული განათლების საატესტატო გამოცდების ცენტრი.
წყარო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
Comments